იბრაჰიმ ქალინი: მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობები ართულებს მოლაპარაკებებს რუსეთსა და უკრაინას შორის

უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია, რისკს უქმნის თურქეთის შუამავლობას რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა იბრაჰიმ „ალინმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ადგილზე მიმდინარე პროცესები, ფოტოები ბუჩადან და სხვა დასახლებებიდან, რა თქმა უნდა, ართულებს მოლაპარაკებების იმავე მიმართულებით გაგრძელებას“, - თქვა ქალინმა.

მისი თქმით, ბუჩასა და ბოროდიანკაში მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრების შემზარავმა კადრებმა გავლენა მოახდინა კიევის მზადყოფნაზე განაგრძოს მოლაპარაკებების პროცესი. „ჩვენ ყველანი აღშფოთებულები ვართ ამ კადრებით. ეს არის ადამიანის უფლებების ღია დარღვევა და, სავარაუდოდ, ომის დანაშაული“, - განაცხადა თურქეთის ლიდერის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

ქალინმა აღნიშნა, რომ მომხდარი მოლაპარაკების სურვილის შემცირების რისკთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით უკრაინული მხრიდან.

მან არ გამორიცხა, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე დღით შეჩერებულიყო, შემდეგ კი დიალოგი განახლებულიყო. „უკრაინელები შოკში არიან, ისევე როგორც ყველა ჩვენგანი... მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა, რა თქმა უნდა, საზარელი და არაადამიანურია. ვინც ამას ასრულებს, უნდა დაისაჯოს“, - აღნიშნა მან.

მისი თქმით, თურქეთი მხარეებს მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდებს. „დიპლომატიას უნდა მივცეთ შანსი და მნიშვნელოვანია რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების გაგრძელება“, - განაცხადა კალინმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში ან კვირაში მოლაპარაკებების პროცესში მნიშვნელოვან პროგრესს არ ელის. ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ „ერთ-ორ კვირაში“ შეიძლება ახალი პროგრესის მიღწევა მოლაპარაკებებში.

კალინმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთის თავდაცვის სამინისტრო თანამშრომლობდა რუსულ და უკრაინულ მხარეებთან ბლოკადირებული მარიუპოლიდან მოსახლეობის ზღვით ევაკუაციის უზრუნველსაყოფად.

ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ რუსეთი უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტის პირობას დააყენებდა, რაც ქვეყანაში სანქციების ზეწოლას შეამსუბუქებდა. „ვფიქრობ, ეს ერთადერთი გზაა მოსკოვისთვის, რომ წავიდეს დათმობებზე", - განაცხადა თურქეთის ლიდერის პრესმდივანმა.

6 აპრილს სერგეი ლავროვმა განაცახდა, რომ კიევი სტამბოლში შემოთავაზებულ შეთანხმების პროექტს შორდება. 

29 მარტს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა. 

უკრაინულ დელეგაციას მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს უსაფრთხოების ყველა გარანტორი მოაწერს.

უკრაინის დელეგაციის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტორები შეიძლება იყვნენ: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი.

რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. 

ასევე წაიკითხეთ 

მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთი მზადაა უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებისთვის პირობები შექმნას

ლიზ ტრასი: რუსეთთან მოლაპარაკება უკრაინის გაყიდვით ან შეცდომების გამეორებით არ უნდა დასრულდეს

ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან მოლაპარაკებაზე: ჩვენ არავისი გვჯერა, არცერთი ლამაზი სიტყვის